სპორტის მაგია და ფორმულა 1: გლადიატორები სკაფანდრებში
ზოგადად, საკმაოდ რთულია მოკლედ და ამომწურავად ახსნა, თუ რატომ უყურებს ხალხი სპორტს, რა არის მასში ასეთი მომხიბვლელი ან რა რიტუალური დატვირთვა აქვს მას. არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რას პოულობენ ადამიანები ამ პროცესში. თითოეული გულშემატკივრისთვის სხვადასხვა დეტალია ძვირფასი, მე კი მხოლოდ იმ ფაქტორებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც პირველ რიგში მახსენდება და ჩემთვის ყველაზე ახლობელია.
გართობა, აზარტი და ერთობის განცდა
გართობა, ალბათ, ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც სპორტს ვუყურებთ. ეს არის რიტუალი, რომელიც შეგიძლია შეასრულო როგორც მარტომ, ისე მეგობრებთან ან სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად. სპორტი გაერთიანებს იმ ხალხთან, რომლებთანაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა საერთო არაფერი გქონოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტი შესაძლოა არ იყოს ისეთივე ძველი, როგორც ზოგიერთი სხვა პროფესია, ის მაინც საუკუნეებს ითვლის. თანამედროვე რეალობაში მისი ფორმა შეიცვალა, თუმცა მამოძრავებელი ძალა — მძაფრი ემოცია — უცვლელი დარჩა, კომერციალიზაციისა და სხვა ახალი კომპონენტების მიუხედავად.
დაუწერელი სცენარი
სპორტის მოყვარულებს ძალიან გვიყვარს პროგნოზების გაკეთება, თუმცა სპორტი მაინც ის დრამაა, რომლის დასასრულიც არავინ იცის. აქ სცენარი წინასწარ არ იწერება, როგორც თეატრში, ფილმში ან წიგნში. ყველა წამი ნამდვილი და განუმეორებელია, ზუსტად ისე, როგორც ცხოვრება — ხან მოულოდნელი, ხანაც მოსალოდნელი და ერთფეროვანი.
ამ დრამას განსაკუთრებულ ელფერს სძენენ გმირები, არქეტიპები და ამ „თანამედროვე გლადიატორების“ ისტორიები. მათი აღმასვლა და დაღმასვლა სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
ერთგულება და ცვლილებები
სპორტის სახეობები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება: ზოგი გუნდურია, ზოგი — ინდივიდუალური; ზოგი მეტად ფიზიკურია, ზოგი კი — ინტელექტუალური. ყველას თავისი ხიბლი აქვს.
შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სპორტი მოგწონდეს, რაც სულაც არ ნიშნავს „ღალატს“. თუმცა არსებობს ერთი უდიდესი ერთგულება, რომელიც თითქმის არასოდეს იცვლება — საყვარელი გუნდის ან სპორტსმენის მიმართ. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დროთა განმავლობაში კონკრეტული სახეობები დავიწყებას მიეცეს ან, პირიქით, ახლიდან შეგვიყვარდეს.
ფორმულა 1 — სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობაში
პირადად ჩემს ცხოვრებაში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1 დიდი დოზით დაბრუნდა. ჩემთვის ეს სპორტი რაღაც ჯადოსნურობასთან, მისტიკასთან და სამეცნიერო ფანტასტიკასთან ასოცირდება. ყოველთვის, როდესაც ვხედავ, როგორ ამოდიან მრბოლელები ბოლიდიდან თავიანთი ჩაფხუტებითა და ცეცხლგამძლე ეკიპირებით, მიჩნდება განცდა, რომ კოსმონავტს ან დედამიწაზე დაშვებულ უცხოპლანეტელს ვუყურებ.
თუ სუბიექტურ ემოციებს გვერდზე გადავდებთ, ფორმულა 1-ის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტის მოყვანა შეიძლება. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მისი ექსკლუზიურობაა.
სტატისტიკა: რბოლა კოსმოსის წინააღმდეგ
ფორმულა 1-ის ისტორიაში რბოლაში მონაწილეობა სულ რაღაც 700-მდე ადამიანს მიუღია. ეს რიცხვი მხოლოდ მცირედით აღემატება იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც კოსმოსშია გაფრენილი. ეს კარგად აჩვენებს, თუ რამდენად იშვიათ და განსხვავებულ სამყაროსთან გვაქვს შეხება.
თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელს გადავხედავთ, პროცენტულად ფორმულა 1-ში უფრო მეტი ადამიანი დაღუპულა, ვიდრე კოსმოსური მისიების დროს. შედარებისთვის ევერესტიც გამოგვადგება: მწვერვალი 10-ჯერ მეტმა ადამიანმა დაიპყრო, ვიდრე F1-ის ბოლიდი მართა, თუმცა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან.
| საქმიანობა | ადამიანების რაოდენობა | დაღუპულები | უხეში შეფარდება |
|---|---|---|---|
| F1 — მსოფლიო ჩემპიონატის რბოლაში მინ. 1 სტარტი | 782 | 33* | ~4.2% |
| კოსმოსური ფრენა | ~791 | 19 | ~2.4% |
| ევერესტის მწვერვალი | 7,563 | 339** | ~4.5%* |
ამ სტატისტიკასთან ერთად უამრავი საინტერესო მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც კარგად გამოაჩენს, თუ რამდენად საშიშ სპორტთან გვაქვს საქმე და რამდენად თავზე ხელაღებული ადამიანები არიან მრბოლელები.
1976 წელს ლეგენდარული და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საინტერესო ფიგურა ფორმულა 1-ის ისტორიაში, ნიკი ლაუდა, სარბოლო ტრასაზე, რბოლის დროს, ისეთ ავტოკატასტროფაში მოხვდა, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ბევრ დეტალში არ შევალ, რადგან ან ბევრმა ყველა დეტალი იცის, ან უმჯობესია, ვისაც ინფორმაცია არ აქვს, თვითონ ჩაეძიოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ საშინელი ავარიიდან 42 დღის შემდეგ ნიკი ლაუდა საჭეს მიუჯდა და რბოლაში მონაწილეობა მიიღო.
1970 წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონი გახდა მრბოლელი, რომელიც დაახლოებით ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. იმის გამო, რომ იგი ჩემპიონატს ლიდერობდა და დარჩენილ ჩემპიონატში ვერავინ დაეწია, იგი გახდა პირველი და უკანასკნელი ფორმულა 1-ის ჩემპიონი, რომელიც ტიტულის გამარჯვების დროს გარდაცვლილი იყო. ეს გახლდათ ავსტრიელი იოხენ რინდტი.
ალბათ ბევრისთვის საყვარელი და ყველასთვის ცნობილი აირტონ სენაც უნდა გავიხსენოთ, რომელიც 1994 წელს იმოლაზე, რბოლის დროს, დაიღუპა, ხოლო იმავე ტრასაზე, ორი დღით ადრე, კვალიფიკაციაში გარდაიცვალა როლანდ რაცენბერგი. სამ დღეში ფორმულა 1-ის ორი მრბოლელი გარდაიცვალა ერთსა და იმავე ტრასაზე.
მართალია, უსაფრთხოების ზომები რადიკალურად სწორედ აირტონ სენას გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა და მას შემდეგ სიკვდილიანობა რადიკალურად შემცირდა, რაც ძალიან გასახარია, მაგრამ ეს ყველაფერი არც მიმდინარე თაობების მრბოლელებს აკნინებს და არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად მამაცები არიან.
ალბათ სწორედ ეს არის ფორმულა 1-ის მთავარი მაგიაც — ტექნოლოგიის უკიდურეს ზღვარზე მდგომ სპორტში ყველაფერი საბოლოოდ მაინც ადამიანამდე დადის. ბოლიდები იცვლება, უსაფრთხოება უმჯობესდება, სიჩქარე იზრდება, მაგრამ საჭესთან ისევ ის ადამიანები სხედან, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებსა და შიშის ზღვარს ყოველ რბოლაში ამოწმებენ.
ამიტომაც ჩემთვის ისინი დღემდე რაღაც უცნაური ნაზავია კოსმონავტებისა და თანამედროვე გლადიატორების — გლადიატორების სკაფანდრებში.