კლავს თუ არა 2026 წელი ფორმულა 1-ს

Share
კლავს თუ არა 2026 წელი ფორმულა 1-ს

მოვიდა 2026 წელი და ფორმულა 1-ის სამყაროში რეგლამენტი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ცვლილებები ყოველთვის საინტერესოა — ისინი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და სპორტში სიახლეები შემოაქვს. ამ სპორტისთვის მსგავსი გარდატეხები, როგორც წესი, ასრულებს ერთი გუნდის დომინაციას და გზას უხსნის ახალ ლიდერებს. თუმცა, წლევანდელი ცვლილებები შესაძლოა ყველაზე კონტროვერსიული და „მტკივნეული“ აღმოჩნდეს. მრბოლელთა ნაწილი, ექსპერტები და გულშემატკივრები მიუთითებენ, რომ ახალი რეგლამენტი კლავს სარბოლო სულსა და ადრენალინს. 2026 წლის წესების საფუძველში დგას სრულიად ახალი ძალოვანი აგრეგატი, უფრო მსუბუქი და განსხვავებული აეროდინამიკური ფილოსოფია, მაგრამ ყველაზე მწვავე დისკუსია მაინც იმაზე მიდის, ხომ არ გახდა ეს სპორტი ზედმეტად დამოკიდებული ენერგიის მენეჯმენტზე. მაქს ვერსტაპენის აზრით, ახალი ბოლიდები გაქვს ფორმულა E ს სტეროიდებზე. იმის მიუხედავად რომ ყოველი რეგლამენტის ცლილებისას, ბევრი მრბოლელი ან გუნდის ხელმძღვანელი გამოთქვამს კრიტიკას და ეს ახალი ნამდვილად არ არის, მაინც შეიძლება საყურადღებო იყოს მაქსის კომენტარი.

ისტორიული პარალელი: 2014 წლის ჰიბრიდული ერა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფორმულა 1-ს კრიზისს უწინასწარმეტყველებენ. მსგავსი სიტუაცია გვქონდა 2014 წელსაც, როცა ჰიბრიდული ერა დაიწყო. მაშინ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საწვავის მკაცრი ლიმიტი — 100 კგ — და fuel flow restriction იყო. პილოტებს ხშირად უწევდათ ტემპის მართვა საწვავის ეკონომიისთვის, რაც ბევრს სპორტის ბუნების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ეჩვენებოდა. პრობლემა დროთა განმავლობაში შეამსუბუქა ძრავების საერთო ეფექტიანობის ზრდამ, ენერგიის აღდგენის უკეთესმა მართვამ და MGU-H-ის(სისტემა რომელიც გამონაბოლქვს და სითბურ ენერრგიას, ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის) შესაძლებლობებმა. თუმცა, 2026 წელს ჩვენ სწორედ ამ მნიშვნელოვან აგრეგატს ვემშვიდობებით. ამ კომპონენტის გაქრობის ერთ-ერთი მიზეზი მისი კომპლექსურობა და ნაკლები პრაქტიკული კავშირი იყო საგზაო ტექნოლოგიებთან. MGU-H-ის მოხსნამ და ახალი კონცეფციის გამარტივებამ ხელი შეუწყო ახალი პროექტების შემოსვლას, მათ შორის Audi-სა და Red Bull Powertrains–Ford-ის ალიანსს.

ასევე პრობლემური იყო 1980-იანი წლების ტურბო ერა, როცა კვლავ საწვავის საკითხი იდგა მწვავედ. მაშინაც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ პილოტები მთელი დისტანციის განმავლობაში ბოლიდს სრული სიმძლავრით ვერ მართავდნენ. იმ ეპოქაში მძიმე ტურბო-ძრავები, მაღალი მოხმარება და შეზღუდული საწვავი ქმნიდა ვითარებას, სადაც სუფთა სისწრაფესთან ერთად ეკონომიაც გადამწყვეტი ხდებოდა. ეს ხაზი საბოლოოდ დასრულდა 1989 წლიდან, როცა ფორმულა 1 ატმოსფერულ ძრავებზე გადავიდა და ტურბო ერა დასრულდა. სწორედ ამ ეპოქაში შეიძინა ალან პროსტმა მეტსახელი "პროფესორი", თავისი საუკეთესო გათვლების გამო.

ტექნოლოგია მძღოლის წინააღმდეგ: Traction Control

ისტორიას თუ გადავხედავთ, ფორმულა 1 ყოველთვის ცდილობდა ბალანსის პოვნას ტექნოლოგიასა და პილოტის ოსტატობას შორის. შეგვიძლია გავიხსენოთ მოჭიდების კონტროლის სისტემა — Traction Control — რომელიც ბოლიდის მართვას ზედმეტად ამარტივებდა, რადგან ელექტრონიკა თავად უშლიდა ხელს საბურავების მოჭიდების დაკარგვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა წლების განმავლობაში დაშვებული იყო, 2008 წელს ის საბოლოოდ აიკრძალა, რათა მრბოლელის „მარჯვენა ფეხს“ მეტი მნიშვნელობა დაბრუნებოდა. 2026 წლის რეგლამენტი კი სხვა ტიპის გამოწვევის წინაშე გვაყენებს: აქ მართვა კი არ მარტივდება, არამედ იცვლება ის, თუ რას ნიშნავს „სწორად მართვა“. 

ბატარეების მენეჯმენტი

ახალ წესებში ბატარეებს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2026 წლის ძალოვანი აგრეგატის კონცეფცია დაახლოებით 50-50 ბალანსზეა აგებული შიდაწვის ძრავსა და ელექტრულ ნაწილს შორის, ხოლო MGU-K-ის როლი მკვეთრად გაიზარდა — 120 კვტ-დან 350 კვტ-მდე. მთავარი სირთულე ისაა, რომ ზოგიერთ ტრასაზე ენერგიის განაწილება იმდენად რთული საკითხია, რომ მუხტი ერთ სრულ წრეზეც კი პრობლემად იქცევა, თუ პილოტი ყველგან ლიმიტზე წავა. ამიტომ მრბოლელებს ხშირად უწევთ ენერგიის დაზოგვა, რაც გარკვეულ მონაკვეთებში სიჩქარის განზრახ შემცირებას გულისხმობს.

ამ ფენომენს თავისი სახელებიც აქვს:

Lifting (Lifting and Coasting): სიმძლავრის დაზოგვა და აქსელერატორიდან ფეხის ნაადრევად აღება. მაგალითად ზოგიერთ ტრასაზე, მრბოლელები მოსახვევში შედიან გაცილებით დაბალი სიჩქარით, ვიდრე შეუძლიათ შევიდნენ, მხოლოდ იმის გამო რომ ენერგია დაზოგონ და უფრო ოპტიმალურად გამოიყენონ. რა თქმა უნდა ამ შეზღუდდვის გამო, კონკრეტული მოსახვევების დაძლევა უფრო მარტივი ხდება, და პილოტისგან უფრო სხვა უნარებს მოითხოვს, ვიდრე აქამდე მოითხოვდა.

Clipping: მომენტი, როცა სწორ მონაკვეთზე ბატარეის ენერგია იწურება და ბოლიდი ელექტრო ბუსტს კარგავს. ასეთ დროს მანქანა შეიძლება არა უბრალოდ ცოტათი, არამედ ძალიან შესამჩნევად შენელდეს — აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე მკვეთრად უარესდება, მიუხედავად იმისა, რომ პილოტს აქსელერატორზე ბოლომდე აქვს დაჭერილი.

შოუ თუ სუფთა სპორტი?

მიუხედავად კრიტიკისა, ახალ რეგლამენტს დადებითი მხარეებიც აქვს. წესების მიზანი იყო „ჭუჭყიანი ჰაერის“ ეფექტის შემცირება, რათა მანქანებმა ერთმანეთს უფრო ახლოს მიყვნენ და გასწრება გამარტივდეს. უკვე ჩანს ნიშნები, რომ ახალი აეროდინამიკური კონცეფცია მართლაც ეხმარება ბრძოლას, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ორთაბრძოლების ნაწილს თან ახლავს არასასიამოვნო კითხვა: თუ მოსახვევებში სიჩქარე იკლებს და მძღოლი ხშირად აღარ მიდის აბსოლუტურ ლიმიტზე, რამდენად სუფთა სახით ვხედავთ იმას, რასაც ფორმულა 1-ის უმაღლეს ხელოვნებად ვთვლიდით? მაყურებლის უმრავლესობისთვის ეს დეტალები შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, რაც ისევ ბადებს კითხვას: ხომ არ იწყებს ფორმულა 1 „ნეტფლიქსის შოუს“ დამსგავსებას, სადაც დრამა ზოგჯერ ტექნიკურ სისუფთავეზე წინ დგება.

სენას ფილოსოფია და ახალი რეალობა

ფორმულა 1-ის სულს წლების განმავლობაში ის ადამიანები აყალიბებდნენ, ვინც ცხოვრებას ამ სპორტს უძღვნიდნენ. აირტონ სენას ცნობილი ფრაზა — “If you no longer go for a gap that exists, you are no longer a racing driver” — დღეს ახალ კონტექსტს იძენს. დღეს პილოტებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება: გაიარონ მოსახვევი ლიმიტზე, თუ დაზოგონ ენერგია, რათა რამდენიმე ასეულ მეტრში პოზიცია არ დაკარგონ. ამ ახალ რეალობაში თითქოს ყოველთვის სუფთა ინსტინქტი აღარ იმარჯვებს — ხშირად პრაგმატულობა უფრო ძვირფასი ხდება, ვიდრე უშიშარი შეტევა და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა: ხომ არ შორდება სპორტი იმ რომანტიკას, რომელმაც მისი მითი შექმნა.

ოპტიმიზმის საფუძველი

მაინც არსებობს იმედის საფუძველი. როგორც 2014 წელს, პრობლემები ახლაც შეიძლება დროთა განმავლობაში შემსუბუქდეს. მაშინ რეალობა გამოასწორა როგორც ინჟინრულმა პროგრესმა, ისე რეგლამენტის შემდგომმა კორექტირებებმა — მათ შორის მოგვიანებით საწვავის ლიმიტის ზრდამაც. ახლაც მოსალოდნელია ან FIA-ს მხრიდან გარკვეული კორექტირება, ან ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ახალ ეპოქას უფრო ბუნებრივ სახეს მისცემს. ფორმულა 1-ის ისტორია გვასწავლის, რომ ეს სპორტი ხშირად გადის მტკივნეულ ექსპერიმენტებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც პოულობს გზას, რომ ტექნოლოგიამ მძღოლი არ გადაფაროს. და თუ ასე მოხდება, 2026 წელი შეიძლება დარჩეს არა როგორც შეცდომა, არამედ როგორც რთული, მაგრამ აუცილებელი გადასასვლელი ეტაპი.